ამოცანით მართვის ევოლუციური გზა და ქართული რეალობა
Main Article Content
ანოტაცია
სტატიის ამ ნაწილში განხილული და გაანალიზებულია ის სირთულეები და გამოწვევები, რაც ჯარების ამოცანით მართვის დანერგვას ელის საქართველოს თავდაცვის ძალებში. ჯარებისა და ოპერაციების მართვის დეცენტრალიზაცია მოითხოვს დაქვემდებარებულ გარემოში შემოქმედებითი ინიციატივის სტიმულირებას, რაც თავის მხრივ ზრდის პირადი შემადგენლობის მოქმედებების მოტივაციას და საბრძოლო სულისკვეთებას. მაგრამ ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გადაწყვეტილების მიღების ცენტრების ქვედა იერარქიულ დონეებზე დაშვება თავის თავში გარკვეულ საფრთხეებსაც მოიცავს.
პირველ რიგში ესაა მოქმედებების კოორდინაციის გაუარესება და ზემდგომი მეთაურების მიერ შექმნილ ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის რისკი. მეორე, და მთავარი საკითხი კი არის ქვემდგომი რგოლის სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის პოტენციური უკმარისობა, რომლებიც მაღალი ინტელექტუალური და პიროვნული თვისებებით უნდა ხასიათდებოდნენ. და ბოლოს. ამოცანით მართვის პროცესში შეიძლება თავი იჩინოს ცალკეულ მეთაურებს შორის წარმოქმნილმა პირადმა დაპირისპირებებმა, ურთიერთუნდობლობამ, არაადეკვატურმა თვითშეფასებამ და ა.შ. მთავარი სირთულე კი ის არის, რომ ამოცანით მართვა ქართული ჯარის კულტურის ნაწილი, მისი სული უნდა გახდეს.
რეალობაში, ამოცანით მართვა ყველაფრის ან არაფრის შეთავაზებაა. იგი სამხედრო ორგანიზაციის საქმიანობის ყველა ასპექტზე უნდა აისახოს თუ მეთაურს სურს, რომ მისი პრინციპები ქვედანაყოფის კულტურულ ქსოვილში საფუძვლიანად დაინერგოს. სწორედ ეს საკითხებია განხილული სტატიაში. დასკვნა კი, გენერალური შტაბის უფროსის ხედვაშია წარმოდგენილი ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების დოქტრინა, განათლება და წვრთნები არის ამოცანით მართვის კულტურის დანერგვის გასაღები. ჩვენმა დოქტრინამ უნდა განმარტოს ამოცანით მართვის ფილოსოფია, სასწავლო დაწესებულებებმა ასწავლოს, ხოლო ჩვენ უნდა მოვემზადოთ მისი განხორციელებისათვის ინდივიდუალურ და კოლექტიურ დონეზე. ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი მთავარი შემადგენლები ამოცანით მართვის დანერგვის გრავიტაციის ცენტრია. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ამ თვისებების წარმატებით დამკვიდრებას ჩვენს ჯარისკაცებში, ე.ი. ვერ მოვახერხებთ მათ დამკვიდრებას შეიარაღებულ ძალებში და პრაქტიკულ გამოყენებაში“.