კლაუზევიცის მოძღვრების ფილოსოფიური პრინციპები და ასპექტები

Main Article Content

ირაკლი ბათიაშვილი

ანოტაცია

ჩემს ამოცანას შეადგენს კლაუზევიცის სახელგანთქმული შრომის - ,,ომის შესახებ“ - გარკვეული ფილოსოფიური პრინციპების, ასპექტების ანალიზი და იმ ვითარების ცხადყოფა, რომ ისინი ჩვენს თანადროულ რეალობაში კვლავაც აქტუალურ ხასიათს ატარებენ. წიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ომის ბუნების
ანალიზს. ჯერ ისმის ფუნდამენტური კითხვა: რა არის ომი? ლოგიკურად თანმიმდევრული მსჯელობების გაშლა-განვითარების მიზანია განმარტოს თავად ომის ფენომენი. ეს ჯერ იწყება მისი განყენებული ცნების წმინდა ლოგიკური ანალიზით და განსაზღვრით. ასეთი კუთხით ომი სხვა არაფერია, თუ არა ოდენ გაფართოებული ორთაბრძოლა. მის უახლოეს მიზანს შეადგენს მოწინააღმდეგის შემუსვრა, რის შედეგადაც მან უნდა დაკარგოს შემდგომი წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამგვარად, ომი - ესაა ძალადობის აქტი, რაც დამიზნებულია შემდეგზე: ვაიძულოთ მოწინააღმდეგე, რათა შეასრულოს ჩვენი ნება. ამასთან ერთად საომარ დაპირისპირებაში ერთი მეორეს უწესებს კანონს: სახელდობრ, ორივე დაპირისპირებულმა მხარემ უკიდურესად უნდა დაძაბოს თავისი ძალები, და არ არსებობს რაიმე ზღვარი ამ პროცესისათვის გარდა იმისა, რაც თითოეულმა სუბიექტმა შეიძლება დაუდგინოს თავის თავს გარკვეული შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარად, კლაუზევიცის მიხედვით, თავად ომის ბუნებიდან გამომდინარეობს სწრაფვა ძალადობის გამოყენების უკიდურესი ხარისხისაკენ.


მაგრამ ეს მსჯელობანი ჯერ-ჯერობით დაფარფატებენ განყენებული ცნებების სფეროში და ე.ი. ჩვენ ჯერ-ჯერობით დაკავებულნი ვართ მხოლოდ ომის განყენებული ცნების ლოგიკური ანალიზით. ხოლო როდესაც აბსტრაქტული მსჯელობებიდან გადავდივართ რეალობაზე და მაშასადამე, ომის ფენომენის ანალიზისას უკვე ვითვალისწინებთ რეალურ ფაქტორებს, მაშინ ჩვენს წინაშე ისახება სულ სხვა სურათი: სახელდობრ, სინამდვილეს შემოაქვს ე.წ.ზომიერმყოფი მოქმედების ეფექტი ანუ იგი შემაკავებლად ზემოქმედებს საომარ პროცესზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი აღარ მიისწრაფვის უკიდურესობებისაკენ.
შემდგომ ავტორი აკონკრეტებს, თუ რაში გამოიხატება რეალობის ე.წ. ზომიერმყოფელი(დამაბალანსებელი) ზემოქმედება და დეტალურად აანალიზებს თითოეულ ფაქტორს. ბოლოს, რეალურ და აბსტრაქტულლოგიკურ განზომილებებში წარმართული მსჯელობების სინთეზის საფუძველზე კეთდება შემდეგი დასკვნა: ომი გვევლინება სამი არსებითი ელემენტის დიალექტიკურ მთლიანობად - პირველი, ესაა, ძალადობა, რაც თავის თავში გულისხმობს სიძულვილის, მტრობის, აგრესიის იმპულსებს და რაც განეკუთვნება ბრმა ბუნებრივი ინსტიქტის სფეროს; მეორე, ესაა, ალბათობების და შემთხვევითობების თამაში, რაც განეკუთვნება თავისუფალი სულიერი მოღვაწეობის სფეროს; და მესამე, ესაა, პოლიტიკის იარაღი, რაც განეკუთვნება წმინდა განსჯის სფეროს. თეორია, რომელიც უგულებელყოფს რომელიმეს ამ სამთაგან, ან კიდევ შეეცდება წარმოგვიდგინოს მათი თვითნებური(არაობიექტური) ურთიერთთანაფარდობა, უთუოდ, მოვა წინააღმდეგობაში ობიექტურ სინამდვილესთან. ამგვარად, მისი ამოცანაა განსაზღვროს და შეინარჩუნოს ობიექტური წონასწორობა(ბალანსი) ამ სამ მომენტს შორის.


რაც უფრო მეტად გრანდიოზულია, ფართო-მასშტაბიანია პოლიტიკური მიზანი და რაც უფრო მეტად ჭარბობს აგრესიული იმპულსები, დაძაბულობა დაპირისპირებული ქვეყნების ხალხებში, მით უფრო ომი უახლოვდება თავის აბსტრაქტულ-ლოგიკურ ბუნებას ანუ თავის იდეას და იღებს გამანადგურებელი შეიარაღებული კონფლიქტის ხასიათს; და პირიქით, რაც უფრო ნაკლებ-მასშტაბურია პოლიტიკური მოტივი და რაც უფრო ნაკლებადაა სახეზე აგრესიული ტენდენციები, მით უფრო შორდება ომი თავის ლოგიკურ არსს და იღებს უფრო დაბალი ინტენსივობის ანუ ნაკლებ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ხასიათს. აქედან კი გამომდინარეობს ომის სახეების მრავალფეროვანი სპექტრის არსებობა, დაწყებული უკიდურესად მაღალინტენსიური და დამთავრებული უკიდურესად დაბალ-ინტენსიური სამხედრო მოქმედებების ფორმებით - აი, ამ დასკვნამდე მივყავართ ორ განსხვავებულ განზომილებაში წარმოებული ექსპლიკაციების ურთიერთშეჯერებას. ვფიქრობ, რომ კლაუზევიცის მიერ ჩატარებული ეს ბრწყინვალე ანალიზი ომის ფილოსოფიური ასპექტებისა დიდწილად წარუვალი ღირებულების მქონეა და კერძოდ, ზემოთ მითითებული შემაჯამებელი დასკვნები უთუოდ შეინარჩუნებენ თავის აქტუალობას, მნიშვნელობას, ძალას ნებისმიერ არეალსა და ეპოქაში.

საკვანძო სიტყვები:
ძალა, ომის ბუნება, კლაუზევიცის სამება, თანამედროვე ომი
გამოქვეყნებული: Sep 28, 2021

Article Details

სექცია
Articles