„რუხი ზონები“, როგორც თანამედროვე მსოფლიო წესრიგის დესტაბილიზაციის ფაქტორი და გამოწვევა XXI საუკუნეში

Main Article Content

ქეთევან მესხიძე

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განვითარებისა და ცვლილებების გლობალური ტენდენციები, რასაც ადგილი ჰქონდა თითქმის ყველა გეოპოლიტიკური პარამეტრის თვალსაზრისით. მსოფლიო ცივილიზაცია განვითარების ახალ ფაზაში შევიდა ახალ პირობებთან ადაპტაციის გარდაუვალ გლობალურ კრიზისთან ერთად, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს სიღრმე, ყოვლისმომცველი მასშტაბები და უპრეცედენტო ტრანსფორმაციული ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკაში.


მსოფლიო პოლიტიკური პროცესი განიხილება, როგორც მოქნილი მობილობის, ცვალებადობის, მრავალი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორის დინამიური ურთიერთქმედება, რომლებიც განსაზღვრავენ მსოფლიო საზოგადოების განვითარების არსს, ხასიათსა და ვექტორებს.


რადიკალურად იცვლება თავად მსოფლიო პოლიტიკური კონტურებიც. ბოლო პერიოდში სახეზეა მსოფლიო პოლიტიკაში ძალისმიერი ხაზების აშკარა გადატვირთვით გამოწვეული არასტაბილურობისა და არეულობის ზრდა, რაც უფრო მეტად ართულებს და არაპროგნოზირებადს ხდის მათი ურთიერთგავლენისა და პროცესების სამომავლო განვითარების სცენარებს.


სტატიაში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია თანამედროვე მსოფლიო წესრიგში მიმდინარე ცვლილებსა და იმ ფაქტორებზე, რომელიც მსოფლიო წესრიგის დესტაბილიზაციის კატალიზატორად გვევლინებიან. კერძოდ, ე.წ. „რუხ ზონებსა“ და იქ არსებულ პროცესებზე. არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ თანამედროვე ეტაპზე კარდინალურად შეიცვალა საფრთხეების ხასიათი გლობალური, რეგიონალური და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. არცთუისე დიდი ხნის წინ, „ცივი ომის“ დროს, მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა პროგნოზირებადი სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები, დაპირისპირება და ორი სამხედროპოლიტიკური ბლოკის გამალებული შეიარაღება. თუმცა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოს მოუხდა ტრანსნაციონალური საფრთხეების თვისობრივად ახალ ფენომენთან შეჯახება, რომელიც გამოირჩევა არაპროგნოზირებადობით და საფრთხეს უქმნის აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოსა და მათ მოქალაქეებს (United Nations Office on Drugs and Crime 2009). ტრანსნაციონალურ საფრთხეებად შესაძლოა ჩაითვალოს საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკოტიკების წარმოება და ვაჭრობა, იარაღით უკანონო ვაჭრობა, მეკობრეობა. ასეა თუ ისე, ალტერნატიული გზების ძიება ტრანსნაციონალური საფრთხეების მოსაგვარებლად კვლავაც დღის წესრიგშია (Schmid 1996). ამასთან, ტრანსნაციონალურ საფრთხეებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს მათი მთავარი წყარო ან მათი მაღალი კონცენტრაციის ადგილები, რომლებიც „რუხ ზონებად“ იწოდებიან და წარმოადგენენ ფართო არეალს ტერორისტული ორგანიზაციების, ნარკოკარტელების, მეკობრეებისა თუ სხვათა მოქმედებებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის თანამედროვე მსოფლიოს და წარმოადგენს ერთ-ერთ გამოწვევას XXI საუკუნეში.

საკვანძო სიტყვები:
რუხი ზონები, მსოფლიო წესრიგი, ტრანსნაციონალური საფრთხეები, ნარკოკარტელები, მეკობრეები, ტერორისტული ორგანიზაციები
გამოქვეყნებული: Sep 27, 2021

Article Details

სექცია
Articles