სამხედრო საინჟინრო ძალების გამოყენების მნიშვნელობა სამხედრო ოპერაციების დროს
Main Article Content
ანოტაცია
სამხედრო ინჟინრები წარმოადგენენ შეიარაღებული ძალების მნიშველოვან საყრდენს. მიუხედავად ინჟინრების ფასდაუდებელი ღვაწლისა, ქართულ სამეცნიერო სივრცეში მნიშვნელოვანი დეფიციტი შეინიშნება საინჟინრო საქმის შესწავლის კუთხით. საინჟინრო საქმის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდების მოსაზიდად. წინამდებარე ნაშრომში განხილულია სამხედრო ინჟინრების ძირითადი დავალებები, მათი გამოყენების მნიშვნელობა ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, როგორც უძველეს ხანაში, ისე თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ქართულ სამეცნიერო სივრცეში კონტრიბუციის შეტანა და საინჟინრო საქმის აღწერა მისი პოპულარიზაციის მიზნით.
ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც ინჟინერ–სპეციალისტების ჩართულობით, მოვლენები მხარეებისთვის სხვაგვარად განვითარდა. ისტორია გვაჩვენებს, რომ სამხედრო ოპერაციების დროს მიზნის მიღწევა, მხოლოდ შეიარაღებულ ქვეითებზე დაყრდნობით, ხშირად შეუძლებელი ხდება, რადგანაც საყურადღებოა რამდენიმე ფაქტორი: ადგილმდებარეობის რელიეფი და მოწინააღმდეგის ძალების პოტენციალი. ინჟინრების დახმარებით, ხდება რელიეფური პირობების გაუმჯობესება საკუთარი ძალების მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად და მოწინააღმდეგე ძალების შესაფერხებლად. რომ არა საინჟინრო შენაერთები, საბრძოლო ქვედანაყოფები გაცილებით ადვილად მისაგნები სამიზნე იქნებოდა მოწინააღმდეგე ძალებისთვის. შესაბამისად, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.