საჰაერო თავდაცვის აქტუალობა და ორგანიზების საფუძვლები
Main Article Content
ანოტაცია
ლოკალური ომების და შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შეიარაღების და ტექნიკის, ასევე ტექნოლოგიების განვითარებას, მოჰყვება თანამედროვე სამხედრო მოქმედებების ხასიათის ცვლილებები.
ათწლეულების განმავლობაში, საჰაერო თავდასხმის საშუალებების განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა საჰაერო თავდაცვის საშუალებები. საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენების ტაქტიკის, ფორმების და ხერხების დახვეწის პარალელურად, იხვეწებოდა და ვითარდებოდა საჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოყენების ტაქტიკა, ფორმები და ხერხები. ბოლო ომები და კონფლიქტებიც, ეს იქნება ახლო აღმოსავლეთი, მთიანი ყარაბაღი თუ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება, ამ მხრივ გამორჩეულია.
ომის ხასიათი დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებამ მთლიანად შეცვალა. განსაკუთრებით დიდი მასშტაბები მიიღო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებამ უკრაინა-რუსეთის ომში. ამ ომმა გვიჩვენა, რომ ე.წ. დრონებს, რომელთა ღირებულება საკმაოდ დაბალია, შეუძლია საკმაოდ დიდი ფინანსური, ეკონომიკური და სამხედრო ზარალი მიაყენოს მოწინააღმდეგე მხარეს.
უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივ გამოყენებას საჰაერო თავდასხმის სხვა ტიპის საშუალებების, თვითმფრინავების, შვეულმფრენების და სხვადასხვა ბაზირების თუ დანიშნულების რაკეტების ან ბომბების გამოყენების აქტუალობა არ შეუმცირებია.
უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობისას, თვალს ვადევნებთ უპილოტო და პილოტირებადი ავიაციის, ასევე სარაკეტო კომპლექსების როგორც ცალ-ცალკე გამოყენებას, ასევე მათი გამოყენებით კომბინირებულ მასირებულ გამოყენებას.
ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები ომის მსვლელობისას ხვეწავს და ავითარებს როგორც საჰაერო თავდასხმის, ისე თავდაცვის საშუალებების ტაქტიკას, იგონებენ ბრძოლის (თავდასხმის, თავდაცვის) ახალ მეთოდებს და ხერხებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას ხდება ახალი სისტემების შექმნა. გაცილებით შემცირებულია დრო სიახლის შექმნიდან, საბრძოლო საბრძოლო გამოყენებამდე. რუსეთის მხრიდან ვრცელდება ინფორმაციები, რომ მწარმოებელი ქარხნების, საკონსტრუქტორო ბიუროების წარმომადგენლები პირდაპირ საბრძოლო მოქმედებების რაიონში, ჯარებთან ერთად არიან და აკვირდებიან ახალი სისტემების გამოცდას, იღებენ შენიშვნებს უშუალო ექსპლოატანტებისგან. მშვიდობიან პერიოდში გაცილებით მეტი ბიუროკრატიაა და მეტი დრო იხარჯება საკონსტრუქტორო ბიუროდან სერიულ წარმოებამდე.
ყოველივე ეს მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია თანამედროვე გამოცდილების სიღრმისეული შესწავლა და სამხედრო მოქმედებებისთვის წინასწარი და საფუძვლიანი მომზადება.
ჯარების ერთადერთი სახეობა (გვარეობა), რომელსაც შესწევს უნარი და ევალება პირველი ჩაებას საბრძოლო მოქმედებებში და მაქსიმალურად შეამციროს საჰაერო თავდასხმის საშუალებების ეფექტიანობა, ესაა ავიაციის და საჰაერო თავდაცვის ძალები.
ამისათვის მნიშვნელოვანია, ომების და კონფლიქტების გამოცდილების შესწავლის, სამხედრო თეორიის განვითარების საფუძველზე, განხორციელდეს საჰაერო თავდაცვის დროული ორგანიზება.
წინამდებარე და შემდგომ სტატიებში განვიხილავთ საჰაერო თავდაცვის თეორიულ საფუძვლებს, თანამედროვე ომების გამოცდილების შესწავლიდან გამომდინარე სიახლეებს, საჰაერო თავდაცვის ორგანიზების ალგორითმს და ღონისძიებებს.