მთაგორიან რელიეფზე საბრძოლო მოქმედებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
Main Article Content
ანოტაცია
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია მთებში საბრძოლო მოქმედების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ნაშრომის მთავარი მიზანია საბრძოლო ფუნქციების მიხედვით გამოიკვეთოს ის ძირითადი საფრთხეები, რომლებსაც შესაძლოა ქვედანაყოფი მთებში სამხედრო მოქმედებებისას წააწყდეს. ასევე ასახულია მთიან რელიეფზე მოქმედების სირთულეები და ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლის მიერ საბრძოლო მომზადების და საომარი მოქმედებების დროს.
მთები უძველესი დროიდან იპყრობენ ადამიანის ყურადღებას და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კაცობრიობის ისტორიაში. ისინი ჩვენი გარემოს ნაწილს წარმოადგენენ და ღრმად არიან ფესვგადგმული ჩვენს წარმოსახვაში, მათ არა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა მივანიჭეთ, არამედ თაყვანისცემისა და ხელოვნების საგანი გავხადეთ. უძველესი დროიდან მოყოლებული, მთები ადამიანს შთააგონებდნენ პატივისცემასა და შიშს. ანთროპოგეოგრაფიული თვალსაზრისით, მთები წარმოადგენენ გეოგრაფიული პირობების ძალიან მრავალფეროვან და ხშირად რთულ კომპლექსს. ამ პირობების გაანალიზებისას შესაძლებელია წინა პლანზე გამოვიტანოთ ამა თუ იმ მთის ლანდშაფტის ცალკეული გეოგრაფიულ პირობები და მათი კავშირი ქვეყნის ტერიტორიის ომისათვის მომზადების საკითხში. საკომუნიკაციო მარშრუტებისთვის გარკვეული უღელტეხილის არჩევისას, ისტორიული, ეკონომიკური და სტრატეგიული პირობები ხშირად უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ბუნებრივი პირობები.
მთების სტრატეგიული და სამხედრო ღირებულება (როგორიცაა ალპები, კავკასიონი, ჰიმალაი, ბალკანეთი და სხვ.) ისტორიულად გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი სახელმწიფოებს შორის ბუნებრივ საზღვრებს წარმოადგენენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. მაღალი მწვერვალები, ხეობები და ხშირი ტყის საფარი მოწინააღმდეგეს ურთულებს მანევრსა და გადადგილებას, ეს კი უპირატესობს ანიჭებს თავდაცვაში მოყოფ მხარეს. შედეგად, უძველესი დროიდან დღემდე, მთიანი რეგიონები წარმოადგენენ ომების განვითარებისა და სხვადასხვა გეოპოლიტიკური ტიპის კონფლიქტების ასპარეზს.