აქტიური ღონისძიებები, საინფორმაციო ომი და საინფორმაციო ოპერაციები, მათი გამოყენების სფეროები და მიზნებიოპერაციები, მიზნები
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე სტატია ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს დღევანდელ რეალობაში, საინფორმაციო ომს და ოპერაციებს, რომელიც დასაბამს დიდი ხნის წინ იღებს. მართალია, დასახელებულ ფენომენს ქმედებებში გამოხატულება წარსულში განსხვავებული ჰქონდა, თუმცა მიზანი ერთი და იგივე იყო. პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელიც ამავდროულად აქტიური ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია, ხორციელდებოდა ბეჭდვითი ორგანოების და მასობრივი მედიის საშუალებებით, ვრცელდებოდა პროკლამაციები, ზემოქმედების მოსახდენად და გავლენის გასაძლიერებლად იყენებდნენ ადამიანურ რესურს. დღეს, ამ ყველაფერმა სხვა ნიშნულზე გადაინაცვლა, კიბერნეტიზაციამ შეცვალა არამხოლოდ სოციალური ურთიერთობები ინდივიდებს შორის, არამედ გაზარდა საფრთხეები და რისკები სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში.
აქტიური ღონისძიება ძირითად ხორციელდება (ხორციელდებოდა), როგორც ღიად ისე ფარულად, იგი სპეციფიკური სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების და ოპერაციის შემადგენელი ნაწილია და მის მიზანს წარმოადგენს საგარეო და შიდა პოლიტიკის ფარგლებში სასარგებლო ზეგავლენის მოხდენა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.
მსგავსი ღონისძიებების წარმატებით გამოყენებას დასაბამი მიეცა ცივი ომის პერიოდში, რომელიც მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე ყოფილ მოკავშირეებს - საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ანალოგიურ ხერხებს და მეთოდებს საბჭოთა კავშირი იყენებდა ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც იმთავითვე აღიქვამდა ანგარიშგასაწევ საფრთხედ.
აუცილებელია, რომ „აქტიური ღონისძიებები“ განვასხვავოთ წმინდა ოპერატიული სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი და აგრეთვე დიპლომატიური საქმიანობისგან. ასევე არ უნდა გავაიგივოთ საბჭოთა წარმომავლობის ტერმინთან „იდეოლოგიური ოპერაციები“, რომელიც შინაარსობრივად შესაძლოა აღქმული იქნას მსგავს მანიპულაციად, ვინაიდან განწყობებზე ზეგავლენის მიზნით ხორციელდება. რაც შეეხება აქტიური ღონისძიებების მიზანს, იგი გამოხატულია საზოგადოებრივ აზრზე და შეხედულებებზე, ასევე ცალკეულ პირთა, სახელმწიფოთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მოქმედებებზე ზემოქმედებაში. მოტივად შესაძლოა მივიჩნიოთ მოჩვენებითი წესრიგისა და კეთილდღეობის საფუძველზე მოქმედი ქვეყნის, სახელისუფლებლო ინსტიტუციების ინტერესების რეალიზება, საზოგადოებაში არსებული ნეგატიური და პოლარიზებული ფონის მოშლა, კეთილგანწყობის მოპოვება. ხშირად, მოტივად ასევე შეიძლება მოგვევლინოს ანგარიშსწორება და შურისძიება, ისეთი ქვეყნების მიმართ, რომელებთანაც ღია თუ ფარულ კონფრონტაციაში იმყოფება სუბიექტი ქვეყანა.
როგორც აღვნიშნეთ, წარსულში აგრესორ სახელმწიფოს შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა ობიექტ სახელმწიფოზე სხვადასხვა რესურსების გამოყენებით, კერძოდ, აუცილებელი იყო ადამიანური ძალისხმევა ნეგატიური ზემოქმედების მოსახდენად, პროკლამაციების გასავრცელებლად, ჭორების დასაყრელად, ანეგდოტების მოსაყოლად, დღეს კი ეს ყველაფერი შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, კიბერსივრცეში სასურველი ინფორმაციის განთავსებით, საინფორმაციო სისტემებზე დესტრუქციული და დივერსიული თავდასხმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანით და ა.შ.