პროკრასტინაცია, იგივე „ხვალისმომხრეობა“
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი ეხება პროკრასტინაციას და მის სახეებს, მის ნეგატიურ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, „ხვალისმომხრეობის“ დაძლევას. პროკრასტინაცია არის ინდივიდის ცდუნება, მუდმივად გადადოს ისეთი დავალებები, რომლებიც არ მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა იცის, რომ ეს მოგვიანებით მეტ სტრესს გამოიწვევს, მაინც ერიდება ისეთი საქმის დაწყებას ან დასრულებას, რისი გაკეთებაც ნამდვილად არ უნდა.
პროკრასტინაცია არის დავალების ბოლო წუთამდე ან მათი ვადის გასვლის შემდეგ გადადება ან გადავადება. ეს მხოლოდ დროის მენეჯმენტის პრობლემა არ არის. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს თვითრეგულირების უკმარისობაა, რაც გვაიძულებს ირაციონალურად ვიმოქმედოთ. ჩვენ ვაჭიანურებთ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ ეს გადადება უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.
პროკრასტინაციის საკითხის მზარდი მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ ჩვევად გარდაქმნის შემთხვევაში, შესაძლებელია პროცესმა პიროვნების ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებაც კი მოახდინოს.
ნაშრომში ავტორები შეეცადნენ მკითხველისათვის გაეცნოთ პროკრასტინაციის შედეგები ორი, აკადემიური და სამხედრო სფეროს მიხედვით. აქცენტი გაკეთდა სტუდენტებზე ჩატარებული კვლევის შედეგებსა და შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, ვისაც გარკვეული ობიექტური მიზეზის გამო, უწევს გადალახოს ე.წ. „გარდამავალი პერიოდი“. ადამიანთა ეს ორი კატეგორია მუდმივად დგას რეალურად არსებული გამოწვევების წინაშე: გაფლანგონ, გადააგორონ დრო ან შეებრძოლონ და დაძლიონ „ხვალისმომხრეობა“.
ნაშრომში ავტორები ასევე გადმოსცემენ ინფორმაციას პროკრასტინაციის დაძლევის აპრობირებულ გზებსა და საშუალებებზე.