The Philosophy of Mission Command – Genesis, the Elements and the Implementation Problems in the Georgian Armed Forces

Main Article Content

Archil Chachkhiani

Abstract

სტატიაში განხილულია თანამედროვე საომარ გარემოში სამხედრო ოპერაციებისა და ბრძოლების ოპერატიული თუ ტაქტიკური მართვის ის კონცეფცია, რომელიც სამხედრო ხელოვნების სფეროში ამოცანით მართვის დასახელებითაა შესული. განმარტებულია ამ ტერმინის არსი და მნიშვნელობა და წარმოდგენილია ამ მეტად საინტერესო ფილოსოფიური ფენომენის როგორც გენეზისი, ასევე მისი ისტორიული ევოლუციის გზა და ის პრობლემები თუ გამოწვევები, რასაც აწყდებოდა ამოცანით მართვის იმპლიმენტაცია ამა თუ იმ სამხედრო ორგანიზაციაში.


ამოცანით მართვის კონცეფცია რეალუარდ ჯარების დირექტიულ მართვას ან დავალებაზე ორიენტირებულ ტაქტიკას გამოხატავს და ჯარების მართვის ხელოვნებისადმი განსაკუთრებულ მიდგომას აღწერს. ეს არის სამხედრო მეთაურის მიერ მიღებულ საბრძოლო დავალების შესრულებაზე ორიენტირებული მოქმედებების ტაქტიკა, სადაც მეთაურის მოქმედებები შექმნილი ოპერატიული ვითარების საკუთარ აღქმასა და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებაზე არის დამყარებული. შესაბამისად, ამ ფილოსოფიაში მოქმედებების პრიმატი არის ხაზგასმული. წარმოდგენილი სტატიის პირველ ნაწილში სწორედ ეს საკითხები და ამ პროცესის განვითარების ისტორიული გზა არის განხილული. მართალია ამ კონცეფციის ისტორიული მაგალითები ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან, ალექსანდრე მაკედონელის დროიდან მომდინარეობს და ამოცანით მართვის მაგალითებს საქართველოს სამხედრო ისტორიის ანალებშიც ვხვდებით, თუმცა, ამ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავთ ამ მეტად საინტერესო ფილოსოფიის ფორმალიზებულ მაგალითებად. აქ საქმე გაცილებით კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ ცალკეულ მეთაურებზე, რომლებიც ამოცანის მართვით აღასრულებდნენ ოპერაციებს თუ ცალკეულ ბრძოლებს. ასეთი პერსონები ვერც მაშინ ქმნიდნენ ამინდს და ვერც ახლა შექმნიან მას. საქმე იმაშია, რომ ამოცანით მართვის ფილოსოფია ყველა დონის სამეთაურო რგოლში უნდა დაინერგოს და ეს კულტურა ოფიცერთა კორპუსისა და სერჟანტთა პირადი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ორგანულად უნდა იყოს შეთვისებული.


ისტორიული რეალობა ის არის, რომ ფორმალიზებული სახის მიღება ამოცანით მართვამ მთელი რიგი სამხედრო-პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, მხოლოდ მე-19 საუკუნის პრუსიაში დაიწყო. პრუსიის სამხედრო ისთებლიშმენტმა სწორად განასზღვრა, რომ ყველა სამხედრო ინსტიტუტის მთავარი არსი უნდა ყოფილიყო ორგანიზაციული მოქნილობა და მკაცრად ფიქსირებული შეზღუდვების არქონა. არსებული მოთხოვნებიდან და დასმული ამოცანებიდან გამომდინარე, ყველა დონის მეთაურს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა შეეცვალა საარმიო სტრუქტურები. პრუსიელები დროზე მიხვდნენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად მუდმივად მოეთხოვებოდათ ინიციატივა აზროვნებაში და კონკრეტული ოპერატიული ვითარების დროს გადაწყვეტილების მიღება საერთო სტრატეგიული გეგმის ფარგლებს გარეთ გაუსვლელად. წარმატების კრიტერიუმი კი, მიღებული შედეგი იყო და არა ამ შედეგის მიღწევის გზები.


ამოცანით მართვის კონცეფციის რეალურად ხორცშესხმა კი უკვე პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში და მის შეიარაღებულ ძალებში – რაიხსვერში მოხდა.

Keywords:
Mission command, military doctrine, Prussia, General Staff, Napoleon Bonaparte, Helmut von Moltke
Published: Dec 26, 2024

Article Details

Section
Articles