კრებულის შესახებ

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტის) ყოველწლიური, რეფერირებადი სამეცნიერო კრებული „მრავალთავი“ (ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი) გამოდის 1971 წლიდან. ჟურნალი ინტერდისციპლინარულია და მოიცავს ხელნაწერთა ყოველმხრივ კვლევასა და დაცვასთან დაკავშირებულ ყველა სამეცნიერო სფეროს − ფილოლოგიას, კოდიკოლოგიას, ისტორიასა და წყაროთმცოდნეობას, აღმოსავლეთმცოდნეობას, არქივთმცოდნეობასა და რესტავრაცია-კონსერვაციას. ჟურნალის მიზანია გააცნოს სამეცნიერო საზოგადოებას სამეცნიერო სიახლეები და მიმდინარე კვლევები, რაც, თავის მხრივ, შექმნის საფუძველს ახალი სამეცნიერო აღმოჩენებისათვის, ხელს შეუწყობს ხელნაწერთა კვლევისა და ზოგადად, ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებას.

კრებულში გამოქვეყნდება როგორც კვლევითი, ასევე საინფორმაციო და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც მანამდე არ გამოქვეყნებულა ბეჭდური ან ელექტრონული სახით. სტატიები შეიძლება იყოს როგორც ქართულ, ასევე შემდეგ ევროპულ ენებზე - ინგლისური, გერმანული, ფრანგული. ჟურნალი ვრცელდება როგორც ბეჭდური, ასევე დიგიტალური ფორმატით და არის თავისუფალ წვდომაში.

 

მასალების გამოქვეყნების ეთიკური პრინციპები

კრებულ „მრავალთავის“ სარედაქციო კოლეგია:

  • იზიარებს და იცავს გამოქვეყნების ეთიკის საერთაშორისო კომიტეტის (COPE) დებულებებს და მითითებებს, ასევე − ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2022 წლის 13 ივლისს მიღებულ რეკომენდაციას CM/Rec(2022)18 და განმარტებით მემორანდუმს აკადემიურ თაღლითობასთან ბრძოლის შესახებ;
  • აკონტროლებს და უზრუნველყოფს ჟურნალში დასაბეჭდად წარდგენილი მასალის შეფასების პროცესის მაქსიმალურ ობიექტურობას.

შესაბამისად, ნაშრომების შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ავტორთა შესაძლო პრეტენზიებს ნაშრომების დაბეჭდვა-არდაბეჭდვასთან დაკავშირებით.

 

საავტორო უფლებები

კრებული იტოვებს მასალის პირველი გამოქვეყნების უფლებას. შესაბამისად, ავტორები ვალდებულები არიან დასაბეჭდად წარადგინონ ისეთი ნაშრომები, რომლებიც სხვაგან არსად დაბეჭდილა და ამ ეტაპზე არ განიხილება რომელიმე სხვა გამოცემაში დასაბეჭდად. პირველი გამოქვეყნების უფლების დარღვევის შემთხვევები განხილული იქნება გამოქვეყნების ეთიკის კომიტეტის (COPE) დებულებისა და მითითებების გათვალისწინებით.

კრებულის გამოცემის შემდეგ საავტორო უფლებები გადადის ავტორზე − მას შეუძლია გამოქვეყნებული ნაშრომის ხელახლა გამოყენება და გამოქვეყნება, გავრცელება და ა. შ. მაგრამ ყველა ასეთ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია მიუთითოს ჟურნალი „მრავალთავი“, როგორც პირველადი გამოცემის წყარო.

 

ფარული რეცენზირების პროცესი

კრებულში დასაბეჭდად წარმოდგენილ მასალას თავდაპირველად განიხილავს კრებულის მიმდინარე ნომრის რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია. მისი მეცნიერული ღირებულებისა და ხარისხის გათვალისწინებით, ნაშრომი შეიძლება სარედაქციო კოლეგიამ იმთავითვე უარყოს, ან გაგზავნოს სარეცენზიოდ მეცნიერთან, ვისი სპეციალიზაცია მოიცავს სტატიაში განხილულ საკითხებს და რომლებიც ინსტიტუციურად არ არის დაკავშირებული სტატიის ავტორთან.

რეცენზირების პროცესი ანონიმურია: რეცენზენტმა არ იცის განსახილველი ნაშრომის ავტორის, ავტორმა კი − რეცენზენტის ვინაობა. განხილვის პროცესს, ჩვეულებრივ, ორიდან სამ თვემდე დაეთმობა. სტატიის განხილვისა და შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ რეცენზიები და სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილება ნაშრომის გამოქვეყნება-არგამოქვეყნების შესახებ ეგზავნებათ ავტორებს.

სტატია დაიბეჭდება თავდაპირველი სახით, თუ ორივე რეცენზია დადებითია და ნაშრომში არ გამოვლინდა პლაგიატი.

სტატია არ დაიბეჭდება, თუ ორივე რეცენზია უარყოფითია.

თუ რეცენზენტების აზრი განსხვავდება და ერთი რეცენზია უარყოფითია, ხოლო მეორე დადებითი, გადაწყვეტილებას იღებს მთავარი რედაქტორი რედკოლეგიასთან შეთანხმებით. შესაძლებელია სტატია გაეგზავნოს მესამე რეცენზენტსაც.

საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს შემდეგი: ა) დაიბეჭდოს თავდაპირველი სახით; ბ) დაიბეჭდოს ჩასწორების შემდეგ; გ) შეიძლება დაიბეჭდოს მხოლოდ ძირეული გადამუშავებისა და ხელახალი რეცენზირების შემდეგ; დ) არ დაიბეჭდოს.

სტატიის გამოქვეყნების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რეცენზენტთა შეფასებზე დაყრდნობით, იღებს კრებულის მთავარი რედაქტორი რედკოლეგიასთან შეთანხმებით.

 

კონფიდენციალურობა და ინტერესთა კონფლიქტი

განსახილველად მიღებული ხელნაწერი განიხილება როგორც კონფიდენციალური დოკუმენტი. წვდომა ხელნაწერზე აქვთ, საჭიროებისამებრ, კრებულის მთავარ რედაქტორს, რედკოლეგიის წევრებს და რეცენზენტებს. არავის აქვს უფლება ხელნაწერში წარმოდგენილი გამოუქვეყნებელი მასალების გამოყენებისა ავტორის წერილობითი თანხმობის გარეშე. რედაქტორები და რეცენზენტები ვალდებულნი არიან განაცხადონ შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ და თავი შეიკავონ იმ ნაშრომების განხილვისაგან, რომელთა შეფასებაც მათი პირადი, პროფესიული ან ინსტიტუციური კავშირების გამო შეიძლება იყოს მიკერძოებული. კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრების მიერ წარდგენილი სტატიები განიხილება დადგენილი წესის მიხედვით  და ამ პროცესში ავტორები არ მონაწილეობენ.

ზემოთქმულის დაღვევის შემთხვევები განხილული იქნება გამოქვეყნების ეთიკის საერთაშორისო კომიტეტის (COPE) დებულებებისა და მითითებების მიხედვით.

 

სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებლობა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრები დასაბეჭდად წარმოდგენილი სტატიების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ნაშრომის ხარისხის, პლაგიარიზმზე შემოწმებისა და ფარული რეცენზირების საფუძველზე. ხელნაწერი, რომელშიც გამოვლინდება პლაგიატი, ციტირების მანიპულირება, მონაცემების ფალსიფიცირება და/ან გაყალბება, მაშინვე უარყოფილი იქნება.

თუ ინფორმაცია ხსენებულ გადაცდომებთან დაკავშირებით ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა და სარედაქციო კოლეგიამ მიიღო უკვე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, წარმოდგენილი ბრალდებები განხილული იქნება გამოქვეყნების ეთიკის საერთაშორისო კომიტეტის (COPE) დებულებებისა და მითითებების მიხედვით.

 

ავტორის პასუხისმგებლობა

ავტორმა უნდა წარმოადგინოს ნამუშევარი, რომელიც ადრე არ გამოქვეყნებულა ან არ განიხილება სხვაგან გამოსაქვეყნებლად. ავტორი ვალდებულია დაიცვას მეცნიერული კეთილსინდისიერება − მის საკვლევ თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა ჯეროვნად გაითვალისწინოს, დაიმოწმოს და დაასახელოს სტატიის ბიბლიოგრაფიაში.

ხელნაწერს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ავტორი. ავტორობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა წვლილი შეიტანა კვლევაში მონაწილე თითოეულმა პირმა  კონცეფციის ჩამოყალიბებასა და კვლევის პროცესში. ორი ან მეტი ავტორის მიერ დასაბეჭდად წარმოდგენილ ნაშრომს თან უნდა ახლდეს თითოეული ავტორის წერილობითი დასტური სტატიის გამოქვეყნებაზე.

წარმოდგენილ ნაშრომში სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული გაფორმების წესები (იხილე რუბრიკა „ავტორთათვის“). არასწორი / დაუდევარი გაფორმება შეიძლება გახდეს მიზეზი სტატიის უარყოფისა.

ავტორი ასევე ვალდებულია გაითვალისწინოს რეცენზენტების შენიშვნები და, საჭიროებისამებრ, გადაამუშაოს სტატია.

 

რეცენზენტის პასუხისმგებლობა

რეცენზენტი ვალდებულია მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასოს მისთვის სარეცენზიოდ გადაცემული ნაშრომი სარედაქციო კოლეგიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით. რეცენზია წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი სახით, შენიშვნები უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, საჭიროების შემთხვევაში შენიშვნები შეტანილი უნდა იყოს განსახილველი სტატიის ტექსტშიც.

თუ რეცენზენტი სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ ახერხებს ან ვერ ასწრებს ნაშრომის განხილვას, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სარედაქციო კოლეგიას.

 

ხელნაწერის შეფასების კრიტერიუმები

  • შინაარსი − არის თუ არა ნაშრომის/კვლევის მიზანი ცხადად გამოკვეთილი; რამდენად ორიგინალური და მნიშვნელოვანია წარმოდგენილი მტკიცებულებები;
  • ანალიზის სიღრმე და კვლევის ხარისხი − შესწავლილია თუ არა საკითხი თანამიმდევრულად და სიღრმისეულად; რამდენად დასაბუთებული და დამაჯერებელია ავტორის პოზიცია;
  • ციტირების წესების დაცვა − რამდენად რელევანტური და სანდოა გამოყენებული ლიტერატურა, არის თუ არა გამოყენებული ციტირებები სწორად დამოწმებული;
  • სტატიის სტრუქტურა − შეესაბამება თუ არა სტატიის სტრუქტურა კვლევის მიზნებსა და ამოცანებს;
  • შედეგები − არის თუ არა კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი, ახალი და სანდო.