ნასესხები ანთროპონიმების შემცველი ჰიბრიდული ტოპონიმების ფონეტიკურ-ფონოლოგიური და სემანტიკური ადაპტაციისთვის სვანურში

Main Article Content

მედეა საღლიანი

ანოტაცია

მრავალრიცხოვანი ნასესხები ანთროპონიმების შემცველ ჰიბრიდულ (ე. წ. ნაჯვარ) ტოპონიმებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ წარმოების მხრივ სიტყვათშეერთებით ნაწარმოებ ტოპონიმ-კომპოზიტებში ორწევრიანი (ბინომური) მართულმსაზღვრელიანი სახელები გამოიყოფა. ჰიბრიდულ ტოპონიმთა ძირითად მოდელებში კი ერთ-ერთი კომპონენტი (უმეტესად პირველი, ანუ ამ შემთხვევაში მატოპონიმებლად გამოყენებული ანთროპონიმი) შემოსული ჩანს ძირითადად ქართულ-ზანურიდან (უშუალოდ თუ შუალობით), ხოლო ნაწილი თურქულიდან (ყარაჩაულ-ბალყარულის, ყუმიხურის... გზით) როგორც ფონეტიკურ სემანტიკურად უცვლელი სახით (მაგ.: ალექსანდრე, არსენა, ნიკოლოზ, პეტრე, როსტომ, სოსლან...), ასევე სხვადასხვა ფონეტიკური ვარიანტებითა თუ სემანტიკური ნიუანსებით (სახეცვლილი მონაცემებით). როგორც დადგინდა, თურქულენოვან ანთროპონიმთა და ზოგადად, -ხან, -ყან, -ბი... ფორმანტებით მარკირებულ საკუთარ სახელთა ფართოდ გავრცელება სვანურში განაპირობა ჩრდილო კავკასიის ენებთან _ ადიღეურ-ყაბარდოულთან, ყარაჩაულთან და ბალყარულთან მეზობლობამ, უშუალო კონტაქტმა, სოციალურ-ეკონომიური, სამეურნეო, კულტურული და სხვა სახის კონტაქტებმა.


ზოგიერთი ნასესხები ფუძე „გასვანურებულია“, ანუ შეიცავს სვანური ენისათვის დამახასიათებელ მორფონოლოგიურ ინვენტარს: პალატალურ, ველარულ თუ ლაბიალურ უმლაუტს, გრძელ ხმოვანს, ანაპტიქსურ ელემენტს და ა. შ. გარდა ამისა, ნასესხებ ანთროპონიმთა ერთ ნაწილში საკმაოდ ხელშესახებია შემდეგი ფონეტიკური პროცესები: აფრიკატიზაცია-დეზაფრიკატიზაცია, თანხმოვანთა გამჟღერება, გამკვეთრება, ლ/მ/ნ/რ (სონორ) თანხმოვანთა მონაცვლეობა, რედუქციის პროცესები მსუბუქ და მძიმე ბირთვებში, ბგერათა ჩართვა-დაკარგვა და სხვ. იშვიათად, მაგრამ მაინც კნინობითის სუფიქსებით გაფორმებული ნასესხები ანთროპონიმებიც დასტურდება.

საკვანძო სიტყვები:
ტოპონიმია, ანთროპონიმია, სემანტიკა, ფონეტიკა-ფონოლოგია, სინტაქსი
გამოქვეყნებული: Oct 20, 2020

Article Details

სექცია
ენათმეცნიერება